თბილისის ისტორიული ძეგლები
სვეტიცხოველი
სვეტიცხოვლის
კომპლექსი მდებარეობს მცხეთაში, ქალაქის ცენტრში. კომპლექსში შედის:
ტაძარი, გალავანი, კარიბჭე, სამრეკლო, ანტონ II კათალიკოსის სასახლე,
მელქისედეკ კათალიკოსის სასახლე და კოშკი.
მემატიანეთა
გადმოცემით, მცხეთელი ებრაელი ელიოზი იერუსალიმში ქრისტეს ჯვარცმას
დასწრებია, „კვართი უფლისაი“ შეუძენია და ჩამოუტანია მცხეთაში. აქ, ქალაქის
ბჭესთან ელიოზს დახვედრია მისი და სიდონია – ქრისტეს მიერ ნაქადაგევი
სარწმუნოების მიმდევარი. სიდონიას ძმისთვის პერანგი გამოუტაცია და იქვე
სული განუტევებია. რაკი ქრისტეს პერანგი მისთვის ხელიდან ვერ წაურთმევიათ,
პერანგიანად დაუმარხავთ. სიდონიას საფლავზე ამოსულა კედარი. მას შემდეგ,
რაც IV საუკუნის 30-იან წლებში ქართლის მეფემ მირიანმა ირწმუნა ნინოს მიერ
ნაქადაგევი ახალი რელიგია – ქრისტიანობა და ბრძანა სიდონიას საფლავზე
ეკლესიის აგება. მოკვეთეს დიდი კედარი და მისგან შვიდი სვეტი დაამზადეს.
დაიწყეს მშენებლობა. ექვსი სვეტი აღმართეს კიდეც, მაგრამ მეშვიდე ჰაერში
ჩამოეკიდა და ვერ დაძრეს ადგილიდან. ნინოს მთელი ღამე მხურვალე ლოცვაში
გაუტარებია, დილით კი მომხდარა სასწაული – „სვეტი ძირთავე მისთა ზედა
დაემყარა და მტკიცედ შეერწყა შეუხებლად ხელისგან კაცთასა“. სვეტი გაფოთლილა
და მისგან დენა დაუწყია მირონს, რომელიც „მსწრაფლ კურნავდა“ სნეულთ. სვეტს
უწოდეს „სვეტი ცხოველი“ – სვეტი სიცოცხლის მომნიჭებელი. აქედან წარმოსდგა
თვით ტაძრის სახელწოდებაც.V საუკუნის დასასრულს, ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს, პირვანდელი ხის შენობის ნაცვლად, ააგეს ქვის ბაზილიკური ეკლესია, რომელმაც XI საუკუნემდე იარსება. 1010-1029 წლებში ქართლის კათალიკოსის მელქისედეკის თაოსნობით ხუროთმოძღვარმა არსუკისძემ ააგო სვეტიცხოვლის ახალი ტაძარი. მელქისედეკისვე ინიციატივით სვეტიცხოვლის გარშემო აიგო სხვა ნაგებობებიც. 1030-1040 წლებში კათალიკოზ ოქროპირის დროს ტაძარს მოაშენეს ეგვტერები.
საუკუნეების მანძილზე სვეტიცხოველი წარმოადგენდა მსხვილ ფეოდალურ-საეკლესიო სამფლობელოს და მეფე-დიდებულთაგან უხვ შეწირულობას იღებდა. მისი ყმა-მამული მიმოფანტული იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. იგი იყო მცხეთაში გაჩაღებული სამეცნიერო და საგანმანათლებლო მუშაობის ცენტრი, ჰქონდა ძალზედ მდიდარი ბიბლიოთეკა, ტაძარში იყო ქართველ მეფეთა საძვლე.
სვეტიცხოვლის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (გარე ზომები 57,7 X 27 მეტრი; სიმაღლე 49 მეტრი) ტაძარი ნაგებია კარგად გათლილი რბილი ნაცრისფერ-მოყვითალო და მომწვანო ტონის ქვიშაქვის და ტუფის კვადრებით. ზოგიერთი არქიტექტურული ელემენტის ხაზგასმის მიზნით წყობაში გამოყენებულია სხვადასხვა ფერის ქვები (ღვინისფერი და მწვანე). შემორჩენილი ძველი წყობა სწორი, ჰორიზონტალურ რიგებისაგან შედგება. გარე და შიდა თლილი საპირე ქვებს შორის ჩასხმულია კირხსარისა და ნაყარი ქვების მასა.
ტაძარს სამი კარიბჭე ჰქონდა, ამჟამად ტაძარში შესასვლელი მხოლოდ დასავლეთიდანაა. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კარიბჭეები XIX საუკუნეში დაანგრიეს.
ჯვარი
მცხეთის ჯვარი მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე.
IV
საუკუნის 30-იან წლებში აქ მეფე მირიან III-ს აღუმართავს ხის მაღალი ჯვარი
– სიმბოლო ახლად მიღებული ქრისტიანული სარწმუნოებისა.ძეგლის სახელწოდებაც
ამ ჯვრიდან მომდინარეობს. ქართლის პირველმა ერისთავმა გუარამმა (545-586
წწ.) ხის ჯვრის ჩრდილოეთით დაიწყო ეკლესია. ეს იყო ჯვრის მცირე ეკლესია.ქრისტიანული სარწმუნოების დამკვიდრებამ, ქვეყნის გაძლიერებამ, ფეოდალური ურთიერთობის განმტკიცებამ საჭირო გახადა ახალი უფრო დიდი ეკლესიის აგება, რაც განხორციელდა VI-VII საუკუნეების მიჯნაზე გუარამის ძის სტეფანოზ ერისმთავრის (586/587-604/605 წწ.), მისი ძმების დემეტრესა და ადარნერსეს (604/605-634/635 წწ.), ერისმთავართა სხვა წევრებისა და შეძლებულ დიდებულთა თანამონაწილეობით.
მრავალგზის დაზიანებისა და შეკეთების მიუხედავად კომპლექსმა, განსაკუთრებით დიდიმა ტაძარმა, დღემდე შეინარჩუნა თავდაპირველი სახე.
ჯვრის მცირე ეკლესია მდებარეობს დიდი ტაძრის ჩრდილოეთით, აგებულია VI საუკუნის მეორე ნახევარში. მისასვლელი მხოლოდ აღმოსავლეთიდანაა. გეგმით ჯვაროვანი, გარედან სადა, სწორკუთხა მოხაზულობის დარბაზული ტიპის მცირე ნაგებობაა (8,3 X 5,5 მ). ნაშენია კარგად გათლილი, მომწვანო ფერის ქვიშაქვის დიდი კვადრებით. მწყობრი ჰორიზონტალური ნაკერების სწორხაზოვნება ფასადებზე და ინტერიერში მკაცრადაა დაცული
.
უფლისციხე
სოფელი უფლისციხე მდებარეობს შიდა ქართლში, გორის რაიონში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, გორიდან 8 კილომეტრის მანძილზე.
კიკილაანთ
ეკლესია დგას სოფლის აღმოსავლეთით ნახევარი კილომეტრის მოშორებით.
თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (6,5 X 4,2 მ),
ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ, ოდნავ ნალისებრ
აფსიდში ერთი სარკმელი და ორი მცირე ნიშია. ერთი სარკმელი დასავლეთ
კედელშია. გადახურვა არ არის შემორჩენილი.ღვთისმშობლის ეკლესია დგას სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 150 მეტრის მოშორებით. თარიღდება ფეოდალური ხანით. ეკლესია (3,5 X 2,9 მ) გამოკვეთილია კლდეში, მასთან მისასვლელი საფეხურებიც კლდეშია ამოჭრილი. შესასვლელი დასავლეთით აქვს. შესასვლელის თავზე პატარა სარკმელია. აღმოსავლეთით ღრმა ნალისებრი აფსიდია, რომლის ღერძზე ამოკვეთილია ოდნავ ჩაღრმავებული თაღოვანი ნიში; ქვემოთ დგას კლდეშივე გამოკვეთილი სწორკუთხა სატრაპეზო ქვა. ჩრდილოეთ კედელში განიერი თაღოვანი ნიშია. აფსიდს გასდევს მაღალი ბაქანი შუაში ორსაფეხურიანი კიბით. აფსიდის ბრტყელი კონქი კუთხეებში ეყრდნობა პილასტრებს, რომლებსაც თაროსებრი კაპიტელი და ასეთივე ბაზისი აქვს. ეკლესიის ჭერი ბრტყელია და გრძივ კედლებზე წრეთარგის ფორმით გადადის.
ყვავის საყდარი დგას უფლისციხის (ნაქალაქევის) აღმოსავლეთით ექვსი კილომეტრის მოშორებით. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ლაშეთხევის (მლაშე ხევის) სათავესთან, მთაზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (10,6 X 5,7 მ). ნაგებია მწვანე და მოყვითალო დიდი თლილი ქვებით. ძლიე დაზიანებულია. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 1,5-4 მეტრს არ აღემატება. საყდრის ირგვლივ მიწით დაფარული კედლების ნანგრევებიცაა. საყდარს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ნახევარწრიულ აფსიდში ორი სარკმელია. გრძივი კედლები დანაწევრებულია წყვილი პილასტრით. ნაგებობის მახლობლად ძველი ნამოსახლარია, რომელიც თარიღდება XI-XIII საუკუნეებით.
წყარო
წყარო
No comments:
Post a Comment